ზელენსკის განცხადებით, აშშ რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულებას ზაფხულისთვის სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და უკრაინას შესთავაზა ზაფხულის დასაწყისამდე ომის დასრულება. სავარაუდოა, რომ აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის ასეთ ვადებთან დაკავშირებით ამერიკელების მხრიდან ზეწოლაა მოსალოდნელი. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, სახელმწიფოს მეთაურმა ეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამერიკელები მხარეებს სთავაზობენ ომი მიმდინარე წლის ზაფხულამდე დაასრულონ. სავარაუდოდ, აღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით ისინი მხარეებზე ზეწოლას განახორციელებენ. რატომ ზაფხულს? იცით, ამერიკაზე გავლენას მისი შიდა საკითხები ახდენენ“, - აცხადებს ზელენსკი.
კერძოდ, ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრის შედეგებზე, რომელიც 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სამმხრივი მოლაპარაკებები, შესაძლოა, ერთ კვირაში განახლდეს.
„ამერიკამ პირველად გააკეთა შეთავაზება მომლაპარაკებელი ჯგუფების შეხვედრის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, მაიამიში, ერთ კვირაში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უკრაინელი დამცველების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.
„გაცვლები გაგრძელდება, გუნდები ამაზე იმუშავებენ“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რთული საკითხები კვლავ რთულად რჩება.
„უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიციები დონბასის საკითხთან დაკავშირებით. „ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვდგავართ“ ჩვენი აზრით, დღეს ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სამართლიანი და საიმედო მოდელია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ უკრაინის წითელი ხაზების შესახებაც ისაუბრა.
„შესაძლო რისკებთან დაკავშირებით, უკრაინულმა დელეგაციამ გადასცა უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია, რომ თუ რუსეთსა და აშშ-ს შორის რაიმე ორმხრივი შეთანხმება იქნება, უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციას, უკრაინის კანონმდებლობას და ისინი არ უნდა განიხილებოდეს უკრაინის გარეშე“, - დასძინა ზელენსკიმ.