Loading data...
ზელენსკი: ჩინეთი არ არის მტერი, უკრაინას მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს - პუტინი

უკრაინა ჩინეთს თავის მტრად არ მიიჩნევს. უკრაინას მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს - კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ჩინეთს. უკრაინას არასდროს უთქვამს, რომ ჩინეთი ჩვენი მტერია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ უკრაინას ჰყავს მხოლოდ ერთი მტერი - პუტინი. იმიტომ, რომ ის იყო, ვინც თავს დაესხა უკრაინას. რაც შეეხება მეგობრებს, მჯერა, რომ მეგობრები არიან ისინი, ვინც გვეხმარებიან“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს აქვს სერიოზული ეკონომიკა, რომელსაც აქვს გავლენა რუსეთზე.

„მჯერა, რომ ჩინეთს შეუძლია დაგვეხმაროს. ჩინეთი უნდა შემოვიდეს ჩვენთან დიალოგში. არ შემიძლია წინადადებების მიღება უბრალოდ მედიის საშუალებით. ეს არ არის სწორი. ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე. სერიოზულად ვერ მივიღებ იმას, რაც ამა თუ იმ სახელმწიფოს ლიდერმა ან მისმა წარმომადგენლებმა მედიას მიაწოდეს“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინა და ჩინეთი ეკონომიკური პარტნიორები იყვნენ.

„ჩვენს შორის ყველაზე დიდი ვაჭრობა იყო შავი ზღვის გავლით. სწორედ პუტინმა შეაჩერა ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, - დასძინა ზელენსკიმ.

მთავარი გზავნილის შეჯამებისას ზელენსკიმ განაცხადა:  „თითოეულ ლიდერს ან ქვეყანას აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ. მხოლოდ მშვიდობა მინდა უკრაინაში“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.