Loading data...
WSJ: რუსეთმა სუმის ოლქში 50 000 სამხედრო მოსამსახურე განათავსა

კურსკის ოლქიდან უკრაინული ძალების განდევნის შემდეგ, რუსებმა საზღვარი გადაკვეთეს და სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ სუმისკენ მიიწევენ. 

The Wall Street Journal-ის ცნობით, სუმის რეგიონული ცენტრი მოსკოვისთვის ახალ სამიზნედ იქცა და კრემლი თავის ადამიანურ უპირატესობას იყენებს.

„უკრაინის სამხედრო წყაროების ცნობით, რუსეთმა ამ ტერიტორიაზე 50 000 ჯარისკაცი განათავსა და ისინი უკრაინულ ძალებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება“, - წერს გამოცემა.

როგორც WSJ აღნიშნავს, ფრონტის ხაზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 150 კმ-ით გაიზარდა და ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ 1 200 კმ-ზე მეტ სიგრძეზეა გადაჭიმული.

„რუსები ხაზის გასწვრივ სხვადასხვა წერტილს იკვლევენ, შემდეგ კი, როდესაც დაუცველ ადგილს პოულობენ, სრული ძალით ესხმიან თავს, როგორც ეს გასულ თვეში სუმის რეგიონში გააკეთეს. ეს უკრაინელ მეთაურებს აიძულებს, ელიტური დანაყოფები გაგზავნონ ხარვეზების შესავსებად“, - წერს გამოცემა.

როგორც მედია წერს, ამ თვის დასაწყისში უკრაინამ სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ელიტური დანაყოფები გაგზავნა. მას შემდეგ, სუმში რუსული წინსვლა დიდწილად შეჩერდა და უკრაინამ გარკვეული ტერიტორიები დაიბრუნა. თუმცა, ეს ადვილი ამოცანა არ არის უკრაინული ძალებისთვის, რომლებიც ფრონტზე თითქმის ყველგან რიცხობრივად ჩამორჩებიან.

„მათი რიცხვი ჩვენთვის დიდი პრობლემაა, მოწინააღმდეგე რეგიონში დღეში 300-დან 400-მდე ადამიანს კარგავს. თუმცა, მათ შეუძლიათ ამ დანაკარგების ატანა...“, - აცხადებს ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური. 

WSJ-ის ცნობით, ტერიტორიაზე მყოფი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ სუმის რეგიონის დაკავებას მეტი ძალა სჭირდება. 

როგორც გამოცემა წერს, მებრძოლები, ასევე, აღნიშნავენ, რომ ის ადგილები, სადაც რუსები ამჟამად წინ მიიწევენ, დანაღმული არ არის.