Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიო ეხმარება უკრაინას, რადგან მას სჯერა უკრაინელების და ჩვენ ამას, ნამდვილად ვიმსახურებთ

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველკვირეული შეჯამებისას თანამოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ მსოფლიო ეხმარება უკრაინას, რადგან მას სჯერა უკრაინელების. „ჩვენი ხალხი, ნამდვილად იმსახურებს მსოფლიოს ნდობას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

მიმართვისას პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გაუსვა ხაზი, მათ შორის დანიასთან გაფორმებულ ახალ შეთანხმებას. „დანიასთან გვაქვს ახალი შეთანხმება იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა და დასძინა, რომ მას ხელი უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროსა და დანიის მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოაწერეს. 

„ჩვენ ვიმუშავებთ დანიის ტერიტორიაზე და ეს იქნება ჩვენი, უკრაინული წარმოების პირველი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საზღვარგარეთ. საშუალება გვექნება, კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ მასშტაბები, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იარაღის წარმოებაში დაგვეხმარება“, - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა. „ამ კვირაში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას. კომპანია უკრაინას წელს, განსაკუთრებული პირობებით, ასობით ათასი დრონით, ხოლო მომავალ წელს კიდევ უფრო მეტით მოამარაგებს“, - ამბობს პრეზიდენტი. 

მიმართვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო ზარი იყო, რომელსაც ზელენსკიმ „საუკეთესო საუბარი, რაც კი აქამდე გვქონია“ უწოდა. 

„ეს, ალბათ, საუკეთესო საუბარი იყო, რაც კი გვქონია ამ დრომდე. უაღრესად ნაყოფიერი. სხვა საკითხებთან ერთად, საჰაერო თავდაცვაზეც ვისაუბრეთ. მადლობელი ვარ დახმარებისთვის და მზადყოფნისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასევე, სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს, რომლებსაც მათი გუნდები დეტალურად მომავალ შეხვედრებზე განიხილავენ.