ვლადიმერ პუტინი: მზად ვარ, ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვდე

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამ საკითხზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„შეხვედრის დროს, აუცილებელია, განვიხილოთ უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან უკრაინის კონსტიტუციით, საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივების შესაძლებლობა არ არსებობს, საომარ მდგომარეობაშიც კი“, - აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი.
პუტინის განცხადებით, მოსკოვისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ უხელმძღვანელებს მოლაპარაკებებს. მისთვის მთავარია, რომ „შეხვედრის დასრულების შემდეგ, დოკუმენტებზე ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმოწერა იყოს“.
რაც შეეხება უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი მზადაა პროცესისთვის, თუ უკრაინას მისი მოკავშირეები დასავლეთიდან, საომარი მოქმედებებისკენ არ უბიძგებენ.
კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც პუტინს პასუხის გაცემა მოუწია, ომის დაწყების საკითხი იყო, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ „ომი რუსეთს არ დაუწყია“.
„ჩვენ კონფლიქტის დასრულებას ვცდილობთ და არ ვართ ომის ინიციატორები“, - აღნიშნავს პუტინი და დასძენს, რომ „კიევის რეჟიმმა თავად დაიწყო ომი, დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ“.