„ვერც ჯარს ვაფინანსებთ, ვერც პოლიციას, ვერც სხვა უწყებებს“ - რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება პრაქტიკულად მთლიანად შეუჩერა
სოხუმის დე ფაქტო მთავრობის ცნობით, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება პრაქტიკულად მთლიანად შეუჩერა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„არსებობს ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ადამიანებმა ხელფასი ვერ მიიღონ. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გულახდილები ჩვენი მოქალაქეების წინაშე. პირველი საგანგაშო სიგნალები მაშინ გაისმა, როდესაც შემოღებული იყო შეზღუდვები სოციალური სფეროს, მასწავლებლების, მედიკოსების დაფინანსების მხრივ. ნოემბრიდან კი, ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსულმა მხარემ ყველა მიმართულების თანადაფინანსება პრაქტიკულად შეაჩერა. ეს თავდაცვის უწყებას, შსს-ს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურს და სხვა სამინისტროებსა და უწყებებს შეეხო. პრაქტიკულად, საპენსიო დაფინანსების გარდა, ყველა სხვა თანადაფინანსება შეჩერებულია“, - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ.
როგორც დე ფაქტო ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ განაცხადა, მთავრობა დაკავებულია თანხების მოძიებით, რათა ოკუპირებულ რეგიონს რუსეთიდან ელექტროენერგია მიეწოდოს და თუ თანხები ამაში დაიხარჯა, საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები ხელფასებს მომავალშიც ვერ მიიღებენ.