Loading data...
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: რუსეთი მთელი ფრონტის გასწვრივ უტევს, ვითარება კვლავ რთული რჩება

რუსეთის ძალებმა პრაქტიკულად მთელი ფრონტის გასწვრივ გააძლიერა შეტევითი მოქმედებები და ჯარების გადაჯგუფება მიმდინარეობს, - მის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ Telegram-ზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება კვლავ რთული რჩება და ყველაზე დაძაბული ამჟამად პოკროვსკის მიმართულებაა, სადაც დაახლოებით 106 ათასი სამხედრო მოსამსახურეა კონცენტრირებული.

„მოწინააღმდეგის აქტივობა, ასევე, მაღალი რჩება ოჩერეტინსკის, ოლექსანდრივსკის, კუპიანსკის, კოსტიანტინოვსკის მიმართულებით და რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე“, - განაცხადა სირსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები მტკიცედ იცავენ საზღვრებს და ხელსაყრელ პირობებში ახორციელებენ საკუთარ აქტიურ მოქმედებებს. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში იმყოფებიან.