უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა სუმის ოლქის დასახლებებიდან რუსების განდევნა დაიწყეს

სუმის ოლქთან სიტუაცია დასტაბილურდა, რუსი ოკუპანტების წინსვლა შეჩერებულია და აქ განთავსებული რუსი ჯარისკაცების 50 000 კაციანი ჯგუფი შეკავებულია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას ჩრდილოეთ სლობოჟანსკოეს მიმართულებით და ანადგურებენ მოწინააღმდეგეს, რომელიც არ წყვეტს სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში თავდასხმის ოპერაციების მცდელობებს.
„უკრაინელი ჯარისკაცების წარმატებული მოქმედებების შედეგად, ანდრეევკას დასახლება გათავისუფლდა. გარდა ამისა, ჩვენი დანაყოფები ოლექსიევკას რაიონში წინ წავიდნენ და მოწინააღმდეგე სუმის ოლქს კიდევ უფრო დააშორეს“, - ხაზგასმით აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ამ მიმართულებით თავის საუკეთესო ბრიგადებს იყენებს - საზღვაო ქვეითებს, საჰაერო-სადესანტო დანაყოფებს, აქტიურად იყენებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ავიაციას და დამრტყმელ დრონებს. მოწინააღმდეგე, ასევე, ცდილობს უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფების განდევნას რუსეთის ფედერაციის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიიდან.