უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევაა - გაერო
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო დარტყმების კამპანია, სავარაუდოდ, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ამის შესახებ გაეროს სადამკვირვებლო ორგანომ განაცხადა, იუწყება Reuters-ი.
უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ (HRMMU) თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა 2024 წლის მარტიდან აგვისტომდე რუსეთის დარტყმების ცხრა ტალღაზე.
„არსებობს გონივრული საფუძვლები, ვიფიქროთ, რომ სამხედრო კამპანიის მრავალი ასპექტი უკრაინის ელექტროენერგიის, გათბობის წარმოებისა და გადაცემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების, ან განადგურების მიზნით, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
HRMMU-მ განაცხადა, რომ მოინახულა შვიდი ელექტროსადგური, რომლებიც რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა, ან განადგურდა, ასევე, 28 დასახლება, რომელიც დარტყმების შედეგად დაზარალდა. სადამკვირვებლო მისიის თქმით, თავდასხმები საფრთხეს უქმნის უკრაინის წყალმომარაგებას, კანალიზაციას და სანიტარიულ პირობებს, ასევე, მოსახლეობის გათბობითა და ცხელი წყლით უზრუნველყოფას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, განათლებასა და ფართო ეკონომიკას.
კიევი აცხადებს, რომ ენერგოსისტემის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიციალური პირისა და სამხედრო ოფიცრის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მოსკოვი კი აცხადებს, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა და მისი ოფიციალური პირების მიმართ ბრალდებები უარყო.