უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთმა 100 000 ჯარისკაცი ერთი მიმართულებით გადაიყვანა - დაჯგუფება „ხორტიცია“

„რუსი დამპყრობლების ძირითადი ძალები კონცენტრირებულია პოკროვსკის მიმართულების აღმოსავლეთ ნაწილში, რათა სცადონ წინსვლა კოსტიანტინოვკასკენ. რუსეთის ძალებს 100 ათასზე მეტი პერსონალი ჰყავს“, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების „ხორტიციას“ პრესმდივანმა ვიქტორ ტრეგუბოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ფრონტზე ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა - პოკროვსკი (განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში, კოსტიანტინოვკას მიმართულებით) და ნოვოპავლოვსკი (ოკუპანტები ცდილობენ დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიაღწიონ).
მან, ასევე, აღნიშნა, რომ დამპყრობლები ლიმანის მიმართულებით გააქტიურდნენ.
„თუმცა, შეტაკებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ძალიან შესამჩნევია, რომ რუსები დიდ ყურადღებას აქცევენ ნოვოპავლოვსკსა და პოკროვსკს და ყველაზე აქტიური ბრძოლები ახლა იქ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ტრეგუბოვმა.
მან აღნიშნა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში დაჩნეს დასახლებას სრულად აკონტროლებენ უკრაინის თავდაცვის ძალები.
პრესსპიკერმა დასძინა, რომ ნოვოპავლოვსკის მიმართულებით ოკუპანტები მაქსიმალურ ზეწოლას ახდენენ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე.
„თუ პოკროვსკის მიმართულებაზე ვისაუბრებთ, იქ სიტუაცია მართლაც რთულია“, - განაცხადა ტრეგუბოვმა.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ტორეცკისა და ჩასივ-იარის რაიონებში შეტაკებების რაოდენობა შემცირდა. რუსები ცდილობენ იქ გარღვევას, მაგრამ თუ ამჟამინდელ სიტუაციას შეტევების წინა ეტაპებს შევადარებთ, ეს მცდელობები რაოდენობრივად უმნიშვნელოა.
„მათ ყურადღება უფრო მეტად პოკროვსკის მიმართულებით გადაიტანეს. ამავდროულად, ოკუპანტებმა ამ ტერიტორიაზე 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადმოიყვანეს და ეს მათი ზაფხულის შეტევითი კამპანიის მთავარი ნაწილია. უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ რუსული ძალების შესაკავებლად“, - დასძინა ტრეგუბოვმა.