Loading data...
უკრაინა კურსკის ოლქში 74 დასახლებას აკონტროლებს - სირსკი

უკრაინის ჯარების ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის კონტროლის ქვეშ უკვე 74 დასახლებაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა მიმართულებით 1-დან 3 კილომეტრამდე დაწინაურდნენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენა, იუწყება UNIAN-ი.

სირსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები 40 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებენ. 

„დღეს ჩვენი კონტროლის ქვეშ 74 დასახლებული პუნქტია. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. სიტუაცია, საბრძოლო მოქმედებების მაღალი ინტენსივობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციას“, - განაცხადა მთავარსარდალმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაკავებულ ტერიტორიებზე შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. 

„რთული, ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, კურსკის ოლქში ჩვენი ძალების წინსვლა გრძელდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის გაცვლითი ფონდი ივსება. უკრაინის კონტროლის ქვეშ 74 დასახლებაა. იქ ტარდება შემოწმება და სტაბილიზაციის ღონისძიებები. ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება გრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ მოხსენების შემდეგ.