უკრაინა გერმანიიდან მესამე „პეტრიოტის“ სისტემას მიიღებს - შოლცი
გერმანია მალე უკრაინას გადასცემს მესამე „პეტრიოტის“ სისტემას, IRIS-T, Gepard-ს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
„„უკრაინის არმიის ყველაზე აუცილებელი საჭიროება ახლა საბრძოლო მასალა, იარაღი, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებია. ამიტომ, უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემას, IRIS-T-ისა და Gepard-ის დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას გადავცემთ“, - აღნიშნა შოლცმა.
მისი თქმით, ძალა და პრინციპებისადმი ერთგულება წინაპირობაა იმისათვის, რომ პუტინმა გააცნობიეროს, რომ არ იქნება სამხედრო გამარჯვება.
„მან უნდა შეაჩეროს სასტიკი ქმედება და გაიყვანოს ჯარები“, - განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა დასძინა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან გერმანიამ უკრაინას 30 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება გაუწია.