Loading data...
ცხინვალში კიდევ ერთი ოსი სამხედრო დაკრძალეს, რომელიც უკრაინაში დაიღუპა

ცხინვალში ოსი სამხედრო, ვადიმ მამიევი დაკრძალეს, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

მამიევთან გამოსამშვიდობებლად ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის და ე.წ. პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე დაღუპულის ახლობლები და ნათესავები მივიდნენ.

„დღეს ჩვენ ვემშვიდობებით სამხრეთ ოსეთის ნამდვილ გმირს, რომელიც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში თავის მოვალეობას ღირსეულად ასრულებდა. ბოლომდე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ვადიმი მუდმივად დარჩება ნათესავების, ახლობლების და მისი მეგობრების გულში“, - განაცხადა დე ფაქტო თავდაცვისა მინისტრმა იური იაროვიცკიმ.

ვადიმ მამიევი უკრაინაში მიღებული ჭრილობების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ალან გაგლოევის ბრძანებულებით, ვადიმ მამიევი სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დაჯილდოვდა.