Loading data...
ცხინვალი უკმაყოფილოა ევროკავშირის განცხადებით, რომ ბრიუსელი სირიასთან იმუშავებს, რათა ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან გაიწვიოს

ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოხატა ევროკავშირის განცხადებით იმის თაობაზე, რომ ბრიუსელი სირიის სახალხო კრებასთან იმუშავებს, რათა ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან გაიწვიოს. ცხინვალში ამას დამასკოს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე ზეწოლას უწოდებენ. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„ევროკავშირის ეს რიტორიკა არის სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში უხეში ჩარევა. ევროკავშირი სიტყვიერად მხარს ჭერს საერთაშორისო სამართლის და სუვერენიტეტის პრინციპებს, ხოლო სინამდვილეში სურს, რომ სირიას უკარნახოს, თუ რომელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს ამ ქვეყანამ, და რომელი - გააუქმოს“, აცხადებენ ცხინვალში.

ცხინვალის დე ფაქტო უწყებაში ამბობენ, რომ 2018 წელს სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება იყო სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ ისტორიულ რეალობას და ერის თვითგამორკვევის პრინციპებს ეფუძნება.

„ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით იყო მიღებული და გარე ძალების ზეწოლის გამო გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადეს ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცხინვალში ამბობენ, რომ ბრიუსელის მცდელობები, რომელიც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს, რათა სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური რეალობების რევიზია მოხდეს, უპერსპექტივოდ და კონტრპროდუქტიულად გამოიყურება.