ცხინვალი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დასავლურმა სპეცსამსახურებმა ადამიანების გადაბირება შეიძლება სცადონ
ცხინვალის ე.წ. შს სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დასავლური სპეცსამსახურები გააქტიურდნენ და მათი მხრიდან არსებობს ადამიანების გადაბირების მცდელობა. ამისთვის კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები გამოიყენება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
როგორც ე.წ. შს სამინისტრო იუწყება, დასავლური სპეცსამსახურები პოპულარული მესენჯერების მეშვეობით მოზარდების გადაბირებას ცდილობენ. სპეცსამსახურები ცდილობენ ახალგაზრდები ისეთ საქმიანობაში ჩართონ, რაც „ეროვნულ უსაფრთხოებას“ საშიშროებას უქმნის.
დე ფაქტო უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ სატელეფონო თაღლითების და სპეცსამსახურების მხრიდან საფრთხის აცილების მიზნით და იმისთვის, რომ თაღლითობის მსხვერპლნი არ გახდნენ, უცხო ნომრებს უბრალოდ არ უპასუხონ. ასევე საჭიროა ელექტრონული წერილების მიმართ სიფრთხილით მოკიდება და პირადი მონაცემების, საბანკო ბარათების პაროლების და სხვა მონაცემების უცხო პირებისთვის გადაცემის დაუშვებლობა.
ცხინვალის დე ფაქტო შს უწყება მოუწოდებს ადამიანებს, რომ საეჭვო შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამის ორგანოებს მიმართონ.