The Times: პუტინმა დონბასი, რომლის აღებაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო, მშვიდობის ფასად მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება მას შემდეგ, რაც რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა დონბასი, რომლის აღებაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო, მშვიდობის ფასად მოითხოვა.
The Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაში შეხვედრის დროს პუტინმა შესთავაზა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ფრონტის ხაზების გაყინვა, რომლებსაც ის საკუთარ რეგიონებად მიიჩნევს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში კარგად გამაგრებულ პოზიციებს დატოვებენ.
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ დონეცკის რეგიონში ფრონტის ხაზზე უკრაინის პოზიციები კოლაფსის პირასაა. შემდგომ სატელეფონო საუბარში ზელენსკიმ მოუწოდა ტრამპს, არ უნდა ენდო კრემლის მმართველს და აღნიშნა, რომ უკრაინა ასეთ საფრთხეში არ იმყოფებოდა.
გამოცემამ აღნიშნა, რომ მოკლე ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, პუტინმა შესთავაზა ტრამპს მოსკოვში კვლავ შეხვედრაზე, რაც პოტენციურად გამორიცხავდა ზელენსკის მონაწილეობას მომავალ მოლაპარაკებებში.
რესპუბლიკელებმა დაუყოვნებლივ მოუწოდეს ტრამპს, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ პუტინი უარს იტყვის ზელენსკისთან სამმხრივ სამიტზე გამოცხადებაზე.
„თუ შეხვედრა არ შედგება, ტრამპს შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს პუტინზე და მათზე, ვინც მის ნავთობსა და გაზს ყიდულობს“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა.
თუმცა, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაზე უარი თქვა. ამის ნაცვლად, მან განაცხადა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაზე გადასვლაა და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.
ამავდროულად, ევროპულ ქვეყნებს სურთ, რომ ტრამპმა უკრაინას აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები მიაწოდოს, თუ ზელენსკი იძულებული გახდება დონბასში გამაგრებული პოზიციები დათმოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დონბასი პუტინისთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანია. 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ კიევი კვლავ აკონტროლებს დონეცკის ოლქის დაახლოებით მესამედს, ხოლო ლუგანსკი თითქმის მთლიანად რუსეთის ხელშია.