The Telegraph: ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას ჩქარობს, მაგრამ მშვიდობა სწრაფად არ დადგება
რუსეთსა და უკრაინას შორის თითქმის ოთხწლიანმა ომმა - თითქმის ოთხწლიანი სამშვიდობო გეგმები და თითქმის ოთხი წლის წარუმატებელი მოლაპარაკებები მოიტანა. თუმცა, ღაზაში მიღწეული წარმატების საფუძველზე, აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დასრულების ახალი მცდელობა წამოიწყო. ჩვეული სტილით, ამერიკელმა ლიდერმა სცადა შეთანხმების მოკლე ვადებში მიღწევა, ერთგვერდიანი თეზისების კრებულის წარდგენით, - წერს The Telegraph.
როგორც მედია წერს, ღაზას შეთანხმების მსგავსად, გეგმა ითვალისწინებდა ტრამპის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ჯგუფის შექმნას, პატიმრების გაცვლას და რეკონსტრუქციისთვის საერთაშორისო დაფინანსებას.
როგორც ჟურნალისტები წერენ, ღაზასგან განსხვავებით, ამჯერად ინიციატივა ისეთ ლიდერს წააწყდა, რომელიც მშვიდობისთვის მზად არ არის.
„არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთს შეთანხმების დადება სურს. და საქმეც ამაშია: ნებისმიერ ფასად მშვიდობა, რომლისკენაც შეერთებული შტატები ახლა იხრება, მშვიდობა არ არის“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინგმა NPR-ისთვის მიცემულ კომენტარში.
ახალი ინიციატივის დეტალები გასული კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, მოსკოვთან 28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობდა, რომლის მიხედვითაც უკრაინა მთელ დონბასს რუსეთს დაუთმობდა, თავის არმიას 600 000 ჯარისკაცამდე შეზღუდავდა და უარს იტყოდა ნატოში გაწევრიანების განზრახვაზე.
როგორც გამოცემა წერს, სანაცვლოდ, რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ უკრაინაზე ახალ დარტყმებს არ განახორციელებდა. ტრამპი აქტიურად უჭერდა მხარს წინადადებას, იმედოვნებდა კიდევ ერთ გახმაურებულ შეთანხმებას და, შესაძლოა, ნობელის მშვიდობის პრემიასაც. მან მადლიერების დღე (27 ნოემბერი) დააწესა და კიევს პირობების მისაღებად ხუთშაბათამდე მისცა ვადა.
მედიის ცნობით, გეგმამ გაოცება გამოიწვია უკრაინასა და ევროპის დედაქალაქებში, სადაც, როგორც ითქვა, ის რეალურად რუსეთის აგრესიის წახალისებას ისახავდა მიზნად. ამას დიპლომატიური აჟიოტაჟი მოჰყვა, კვირას ჟენევაში ამერიკისა და უკრაინის წარმომადგენლები გეგმის შესაცვლელად ერთმანეთს შეხვდნენ.
როგორც ცნობილია, სამშაბათს, აშშ-ის არმიის მეთაურმა, დენ დრისკოლმა, აბუ-დაბიში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. ასევე, განიხილება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა. თავად აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერს მხოლოდ მაშინ შეხვდება, როდესაც შეთანხმება საბოლოო ეტაპზე იქნება.
სტატიაში ნათქვამია, რომ კორუფციული სკანდალისა და ფრონტზე არსებული სირთულეების ფონზე, ზელენსკიზე ზეწოლა იზრდება. თუმცა, პუტინი, პირიქით, არაერთხელ აჩვენებს, რომ მისი მოთხოვნები - ტერიტორიების ანექსია, უკრაინაზე კონტროლი, ნატოს გაფართოების აკრძალვა - უცვლელი რჩება და თუ ისინი არ შესრულდება, ომი გაგრძელდება.
„პუტინის პოზიცია მარტივია: ჩვენ მზად ვართ ხვალ დავასრულოთ ომი, თუ უკრაინელები ჩვენს ყველა მოთხოვნას მიიღებენ. კომპრომისებზე წასვლა შეუძლებელია“, - ამბობს სტანოვა.
„ჰამასი“ დასუსტებული იყო. ისრაელი თავისი სამხედრო მიზნების დასასრულს უახლოვდებოდა. პალესტინელებს დაბომბვის შეწყვეტა სურდათ, ისრაელელებს კი მძევლების დაბრუნება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უდიდესი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც კატართან ურთიერთობა დაძაბა - და ამან ტრამპს გარკვეული ბერკეტები მისცა.
თუმცა, უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია: ზელენსკი ინარჩუნებს საზოგადოების მხარდაჭერას, მიუხედავად მისი გარემოცვის მხრიდან ენერგეტიკის სექტორიდან 100 მილიონი დოლარის მოპარვის მცდელობის ბრალდებებისა“, - წერს მედია.
რუსეთ-ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე ორესტა ლუცევიჩი წერს, რომ 28-პუნქტიანი გეგმა პუტინის მიერ სამხედროებისთვის დროის მოსაგებად „ოსტატური“ ოპერაციის ნაწილია.
„პუტინი ტრამპს დროის მოსაგებად იყენებს“, - აღნიშნავს ის.