Loading data...
ტაილანდი ტურისტებს კამბოჯაში შესვლას უკრძალავს, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო დავა გრძელდება - BBC

ტაილანდმა კამბოჯაში მიმავალი მოგზაურებისთვის შეზღუდვები დააწესა, რადგან ორი ქვეყანა, კვლავ, მწვავე სასაზღვრო დავაშია ჩაბმული. ამის შესახებ BBC წერს. 

აკრძალვა ვრცელდება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე ან პირზე, რომელიც ცდილობს კამბოჯაში გადასვლას ტაილანდის რამდენიმე პროვინციის საკონტროლო პუნქტებიდან, ასევე, უცხოელ ტურისტებზე, რომლებსაც კამბოჯაში მოგზაურობის სურვილი აქვთ. 

ტაილანდის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ზომების გამკაცრების საჭიროება „შეესაბამება უსაფრთხოების არსებულ მდგომარეობას“. 

შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში უარესდებოდა და როგორც ექსპერტები აცხადებენ, „ახლა ყველაზე უარესი მდგომარეობაა“, მას შემდეგ, რაც მაისში, საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, ერთი კამბოჯელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ქვეყნებმა ურთიერთსადამსჯელო ზომები დააწესეს: კამბოჯამ ტაილანდიდან იმპორტი აკრძალა, მათ შორის ხილ-ბოსტნეულის, ელექტროენერგიის და ინტერნეტისაც კი, ასევე, აიკრძალა კამბოჯაში ტაილანდური ფილმების ჩვენება. 

ტაილანდის ხელისუფლების თქმით, მოგზაურობის აკრძალვის გამონაკლისები, შესაძლოა, ჰუმანიტარული საფუძვლით გაიცეს - მაგალითად, სტუდენტებისთვის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის - საკონტროლო პუნქტებზე მყოფი თანამდებობის პირების შეხედულებისამებრ.