ტაილანდი კამბოჯას აფრთხილებს - დაპირისპირება, შესაძლოა, ომში გადაიზარდოს!

ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებებმა ორივე ქვეყანაში მინიმუმ, 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათიათასობით პირი კი, იძულებით გადაადგილებული გახდა. ინფორმაციაზე BBC წერს.
ტაილანდი კამბოჯას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცეცხლის გახსნის გამო, სოფლებიდან მოქალაქეების ევაკუირება მოუწია.
თავის მხრივ, კამბოჯამ ტაილანდს კასეტური ბომბების გამოყენებაში დასდო ბრალი. ცნობისთვის, კასეტური ბომბების გამოყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე, მსოფლიოს დიდ ნაწილში აკრძალულია. ტაილანდმა ბრალდებებს არ უპასუხა.
პარალელურად, ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „კონფლიქტში მესამე მხარის შუამავლობა საჭირო არ არის“. შეგახსენებთ, დაპირისპირების დაწყებისთანავე, მსოფლიოს ლიდერებმა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელებს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამ ეტაპზე, საბრძოლო მოქმედებები საზღვრის გასწვრივ, 12 ადგილზე მიმდინარეობს.
ამასობაში, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის თავმჯდომარეა, ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებს მოლაპარაკებების ხელშეწყობა შესთავაზა, რაზეც ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრისგან უარი მიიღო. „სიტუაცია ორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ განცხადებების გაკეთება“, - მტკიცედ აღნიშნა ნიკორნდეი ბალანკურამ.
ტაილანდის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს, 14 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო კამბოჯის ხელისუფლების ცნობით, ოდარ მინჩიში სულ მცირე, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
კონფლიქტს აშშ გამოეხმაურა და ლიდერებს „საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ“ მოუწოდა.
ჩინეთმა, რომელსაც პოლიტიკური და სტრატეგიული კავშირები აქვს კამბოჯასა და ტაილანდთან, განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ ვითარებით და იმედოვნებს, რომ ორივე მხარე შეძლებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
გაეროს უშიშროების საბჭოს თქმით, სავარაუდოდ დღეს, 25 ივლისს საკითხის განსახილველად შეიკრიბება.