Loading data...
სოხუმში გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას აკრიტიკებენ

სოხუმი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ჟენევაში 11 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას აკრიტიკებს. რეზოლუციაში „თანამშრომლობა საქართველოსთან“, გაერო კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მიუთითებს. ასევე რეზოლუციაში საუბარია რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნაზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები არსებულ რეალობას ამახინჯებენ და ამით ქართველ პარტნიორებს უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ. სოხუმში ასევე უკმაყოფილოები არიან, რომ რეზოლუციაში საუბარია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის ჰუმანიტარული პრობლემების არსებობაზე.

„რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი ადამიანის უფლებათა იმ დარღვევებზე და დისკრიმინაციაზე, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აფხაზეთის მოქალაქეები აწყდებიან. საუბარია მათი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებაზე, ეს პრობლემა აფხაზეთში ძალზე მწვავედ დგას, მაგრამ ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ გამოწვევების სრულ იგნორირებას ახდენს. ადამიანის გადაადგილების უფლება ისეთ საერთაშორისო აქტებში არის დაფიქსირებული, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი. არსებული პრაქტიკა, რომლის გამოყენებითაც სხვადასხვა საერთაშორისო და ევროპული სტრუქტურა გადაწყვეტილებებს იღებს, მათ სრულ ანგაჟირებაზე მეტყველებს. მიზეზი, სავარაუდოდ, ცალმხრივი ინფორმაციის მიღებაა, რასაც მხოლოდ ქართული მხარისგან იღებენ. ასეთ პირობებში შეუძლებელია რაიმე სახის ნდობაზე საუბარი იმ დოკუმენტების მიმართ, რასაც ეს საერთაშორისო სტრუქტურები იღებენ“, - აცხადებენ სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დე ფაქტო საგარეო უწყება კვლავ მოითხოვს, რომ აფხაზეთის წარმომადგენლებს გაეროს პროფილურ სტრუქტურებში, მათ შორის ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობის უფლება მიეცეთ. დე ფაქტო უწყების ცნობით, მან შესაბამის სტრუქტურებს თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ ეს თხოვნები ყურადღების გარეშე დარჩა.

ცნობისთვის, 2024 წლის 11 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.

დოკუმენტს მხარი საბჭოს 24 წევრმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია.

11 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში, პირველად აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებების შესაბამისად, რეზოლუციაში საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე რუსეთის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობის შესახებ

რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ადამიანის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. რეზოლუციაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის შეზღუდვის თაობაზე.

საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.

რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ხაზგასმულია ასევე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) როლი.

მიღებული რეზოლუციით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს საბჭოს მომდევნო - 58-ე და 59-ე სესიებზე რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას ავალებს.