Loading data...
სოხუმის მთავრობამ და ადიღეს რესპუბლიკამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

რუსეთის ქალაქ მინერალნი ვოდებში გამართული კავკასიის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში სოხუმის დე ფაქტო მთავრობამ და ადიღეს რესპუბლიკამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, გაფორმდა ხელშეკრულება სოციალურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ სფეროებში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოხუმის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ ვლადიმერ დელბამ და ადიღეს ხელმძღვანელმა მურატ კუმპილოვმა.

შეთანხმების მიხედვით, სოხუმი და მაიკოპი ხელს შეუწყობენ სამეურნეო სუბიექტების მონაწილეობას ერთობლივი პროგრამების და პროექტების განხორციელებაში. მოხდება შემოქმედებითი კოლექტივების გაცვლა, ასევე განხორციელდება ახალგაზრდულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა.