Loading data...
სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით თბილისის პოზიციით უკმაყოფილოა

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პოზიციით უკმაყოფილოა, რომელმაც სოხუმის აეროპორტში რეგულარული ავიარეისების შესაძლო აღდგენას უკანონობა უწოდა, ხოლო ავიაკომპანია, რომელიც ამ აეროპორტში ფრენას გადაწყვეტს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო კონვენციას დაარღვევს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სოხუმი ურჩევს საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, რომ „კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვან“.

„აფხაზეთი ელოდა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ის სამხრეთ კავკასიაში არსებულ რეალიებს აღიარებს და პრაგმატულად იმოქმედებს. მაგრამ პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, რომელიც ურთიერთობების გამოსწორებაზე იქნება ორიენტირებული, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს შაბლონური, პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების გაკეთებას. ეს განცხადებები რეალობას მოწყვეტილია და დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელისუფლების ეს პოზიცია არის პროცესებისთვის ხელის შეშლის მცდელობა, რომლებიც შეუქცევად ხასიათს ატარებს“, - წერია სოხუმის განცხადებაში.

სოხუმი მოუწოდებს თბილისს, რომ კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას და ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად გაფორმებულ შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ამის შემდეგ კი კონსტრუქციული დიალოგის დაწყება შესაძლებელი გახდება.

სოხუმის მთავრობა იმედოვნებს, რომ სოხუმის აეროპორტში მიმდინარე წლის მაისიდან რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყება. სატესტო ფრენა ავიაკომპანია „UVT Aero“ შეასრულა.