Loading data...
სოხუმი: ვენესუელის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებს უკან გაწვევის საფუძველი არ არსებობს

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოდისეი ბიგვავამ კომენტარი გააკეთა თბილისის პოზიციაზე ვენესუელაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან საერთაშორისო პროცესების ინტერპტრეტაციის მცდელობა არ ასახავს საერთაშორისო და რეგიონში არსებულ რეალურ სიტუაციას.

„აფხაზეთი არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობის ნების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველი და გადახედვას არ ექვემდებარება. აფხაზეთის აღიარება სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის ვენესუელის მხრიდან, არის მათი სუვერენული საგარეო პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა ოდისეი ბიგვავამ.

მისი თქმით, საერთაშორისო აღიარება სოხუმისთვის თვითმიზანი არ არის და ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებაზე.

„რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობარი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა აფხაზეთის სტაბილურობას და განვითარებას ხელს უწყობს. განცხადებებს ე.წ. არაღიარების პოლიტიკის შესახებ და იმ სახელმწიფოთა მხრიდან გადაწყვეტილებების შესაძლო გადახედვაზე, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ის რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს“, - განაცხადა სოხუმის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სოხუმი არ ერევა სხვა ქვეყნების საქმეებში და საქართველოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარს არ აკეთებს. ამასთანავე, სოხუმი „მზად არის დააკვირდეს ნებისმიერ სიგნალებს, რომლებიც რეგიონულ პოლიტიკაში უფრო რეალისტურ და პრაგმატულ მიდგომას გულისხმობს“.