სოხუმი და ცხინვალი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებით შეშფოთებულები არიან
სოხუმის და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროები ახლო აღმოსავლეთში ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებას და ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურნენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
სოხუმში განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციას აკვირდებიან და ირანზე აშშ-ის და ისრაელის შეტევებით შეშფოთებულები არიან.
„ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციის მონიტორინგს რუსი კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე“, - განაცხადეს სოხუმში.
ცხინვალში კი აცხადებენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა და ირანის გარშემო სიტუაციის სასწრაფო დეესკალაცია.
„სიტუაციის ესკალაციას რეგიონში, შესაძლოა, ჰუმანიტარული და ეკონომიკური კატასტროფა მოჰყვეს. ის აუცილებლად შეეხება უცხოეთის მოქალაქეებსაც, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ბიზნეს-ტურში ან ტურისტული მიზნით იმყოფებიან“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.
ცხინვალში მოუწოდეს რუსეთის მოქალაქეებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში იმყოფებიან, რომ რეისების სტატუსი დაადგინონ და ალტერნატიული მარშრუტები მოიძიონ. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ადამიანებმა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების რეკომენდაციები უნდა შეასრულონ.