სირსკი: უკრაინელებმა პოკროვსკის მიმართულებით ექვსი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

პოკროვსკის მიმართულებით ექვსი დასახლებული პუნქტი რუსი დამპყრობლებისგან გაიწმინდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
„განსაკუთრებულ ყურადღებას ფრონტის იმ უბნებს ვაქცევ, სადაც ვითარება ყველაზე რთულია. მე პოკროვსკის მიმართულებით ვმუშაობდი, კერძოდ, იმ სამხედრო სარდლობაში, კორპუსებსა და ბრიგადებში, რომლებიც დობროპოლსკის მიმართულებით სტაბილიზაციის ოპერაციებს ატარებდნენ. მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები ღირსეულად ასრულებენ მათთვის დაკისრებულ ამოცანებს. წარმატებული დარტყმით გათავისუფლდა ექვსი დასახლებული პუნქტი, განადგურდა ასობით რუსი ოკუპანტი“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
მთავარსარდალი მეთაურებისგან იღებდა ანგარიშებს ოპერატიული სიტუაციის სპეციფიკის, პრობლემური საკითხებისა და დანაყოფების საჭიროებების შესახებ. ამის გათვალისწინებით, მან გასცა შესაბამისი ბრძანებები თავდაცვის მდგრადობის გასაძლიერებლად.
„მთავარი ამოცანაა ეფექტურად ვუპასუხოთ აგრესორის ტაქტიკის ცვლილებებს, მაგრამ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ უკრაინის დამცველების სიცოცხლე“, - დასძენს სირსკი.