შამილ ბასაევზე პუბლიკაციების გამო აფხაზეთის მკვიდრს რუსეთში 5,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრს, ტიმურ აგრბას 5,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის გმირის სახის შექმნისთვის. ამის თაობაზე „ეხო კავკაზა“ იუწყება.
აგრბა დამნაშავედ ცნეს „ტერორიზმის გამართლების“ მუხლით. ის სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
2024 წლის სექტემბერ-დეკემბერში აგრბამ „ტელეგრამში“ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. სწორედ იმ დროს სოხუმის ექსპოზიციის მუზეუმში შამილ ბასაევის პორტრეტის გამო კონფლიქტი მოხდა. სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოში განაცხადეს, რომ ბასაევის პორტრეტის დემონსტრირება დაუშვებელია. ამის შემდეგ სოხუმში ე.წ. თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, „აფხაზეთის გმირების“ ექსპოზიცია, რომელშიც ბასაევის პორტრეტიც შედიოდა, მუზეუმის არქივში გადაიტანეს.
ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი 1992-1993 წლებში აფხაზეთში სეპარატისტების მხარეს საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. 1994 წლიდან ის ჩეჩნეთში შესულ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ებრძოდა. ბასაევს ჩეჩნეთში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში რამდენიმე ტერაქტის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი.
შამილ ბასაევი ინგუშეთში, 2006 წლის 10 ივლისს მოკლეს. მისი ლიკვიდაციის სპეცოპერაცია რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჩაატარა.