Loading data...
სამხრეთ კორეამ, შესაძლოა, სამხედრო პერსონალი გაგზავნოს უკრაინის დასახმარებლად - Newsweek

სამხრეთ კორეამ, შესაძლოა, სამხედრო და დაზვერვის პერსონალი გაგზავნოს უკრაინაში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ჯარები გაგზავნა რუსეთის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ Newsweek სამხრეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით წერს.

მედია სამხრეთ კორეის დაზვერვის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კორეის რესპუბლიკის მთავრობა და სამხედროები „განიხილავენ გეგმას გაგზავნონ შესაბამისი რაოდენობის პერსონალი, მათ შორის დაზვერვის ოფიცრები და ექსპერტები უკრაინაში“.

ამავე ცნობით, სამხრეთ კორეის პერსონალი უკრაინაში ჩაატარებს დაკითხვას ან უზრუნველყოფს თარჯიმნის მომსახურებას, თუ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინულმა ძალებმა დაატყვევეს. ისინი, ასევე, მიაწვდიან კიევს ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ტაქტიკის, დოქტრინისა და ოპერაციების შესახებ.

მოგვიანებით, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაიწყებს განხილვას და მიიღებს ზომებს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. მანამდე კიევს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია სეულმა.