21 აპრილი 9:22
კონფლიქტები
სააღდგომო ზავის დასრულებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში დრონებით თავდასხმა განახორციელა - უკრაინული მხარე

სააღდგომო ზავის დასრულებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში დრონებით თავდასხმა განახორციელა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განგაშის სიგნალი გაავრცელეს კიევის რეგიონში, ასევე ხერსონში, დნეპროპეტროვსკში, ჩერკასში, მიკოლაივსა და ზაპოროჟიეში.

ნიკოლაევის მერმა  ოლექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კიევის მცხოვრებლებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოუწოდა, დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, დაუყოვნებლივ გადასულიყვნენ ახლომდებარე თავშესაფრებში.

ნიკოლაევი რეგიონის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ქალაქზე თავდასხმა განხორციელდა რაკეტებით.

„მსხვერპლი ან ზიანი არ ყოფილა“, - აღნიშნა კიმმა.

ხერსონზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სააღდგომო ზავი 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდა. ორივე მხარე ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებდა. ზავის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს არ გაუცია ბრძანება მის გახანგრძლივებაზე.