რუსეთში აფხაზი ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმე აღიძრა და მათზე ძებნა გამოცხადდა
რუსეთში სამი აფხაზი ოპოზიციონერის, კან კვარჩიას, ეშსოუ კაკალიასა და ხინ დუმაას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
აფხაზი პოლიტიკოსები რუსეთის სამი მოქალაქის წინააღმდეგ ყაჩაღობაში არიან ბრალდებულები. რუსეთის სამართალდამცველების ცნობით, ამ პირებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში ზიანის მიყენების მუქარით ყაჩაღური გზით მათი კუთვნილი 1 975 000 რუბლი (25 ათასი აშშ დოლარი) მიითვისეს.
რუსეთის შს სამინისტროს სოჭის შინაგან საქმეთა სამმართველოს ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია სოხუმის დე ფაქტო უწყებებს გადაეცა. მოგვიანებით ამ პირებზე „ინტერპოლის“ ხაზითაც ძებნა გამოცხადდება.
მიმდინარე წლის ნოემბერში აფხაზეთის ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზმა ოპოზიციონერებმა, მათ შორის კან კვარჩიამ, სოხუმის ე.წ. საოლქო საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყვეს. ამ ფაქტის ამსახველი აუდიო ჩანაწერიც იყო გამოქვეყნებული. იმავე წყაროს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში მომუშავე რუს პოლიტტექნოლოგებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თავად აფხაზი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათ პოლიტტექნოლოგების უკანონო საქმიანობა აღკვეთეს.
კან კვარჩია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრია. რამდენიმე თვის წინ რუსეთმა მას და კიდევ ერთ ოპოზიციონერს, ლევან მიქაიას რუსეთი მოქალაქეობა ჩამოართვა. ისინი დაადანაშაულეს ქმედებებში, რომლებიც „რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს დაძაბულობის ესკალაციას ხელს უწყობდა“.