Loading data...
რუსეთმა ღამით ოდესას დრონებით შეუტია, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

23 აპრილის, ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტიეს. ავიაიერიშის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი - 12 და 9 წლის, ასევე, ორი ჩვილი. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა

კიპერის თქმით, ბავშვები საშუალო სიმძიმის მდგომარეობით საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. სამი ზრდასრული, ასევე საშუალო სიმძიმით, საავადმყოფოში მოათავსეს, ორმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები განადგურდა.

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად სულ მცირე 14 ბინა დაზიანდა.

ღამით ოკუპანტებმა კიევსა და სხვა რეგიონებსაც შეუტიეს. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს თქმით, უკრაინის დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა დრონი ჩამოაგდეს. თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე განცხადებით, დრონები რუსებმა კურსკის ოლქიდან გაუშვეს. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ნიკოლაევის, ოდესის, კიევისა და ჩერკასის ოლქებში რუსეთის არმიის 16 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.