რუსეთმა დონეცკის ოლქის სოფელი პრომინი და ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი ვისოკოე დაიკავა - DeepState
უკრაინული მონიტორინგის პროექტის, DeepState-ის ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის სოფელი პრომინი და ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი ვისოკოე დაიკავა, ხოლო მირნოგრადის, ზატიშიეს, მარფოპოლისა მახლობლად და პოკროვსკში წინ წაიწია.
DeepState-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პოკროვსკის ცენტრში რუსული ჯარების ყოფნა სულ უფრო ხშირად აღინიშნება. DeepState-ის ცნობით, ამინდის პირობები, განსაკუთრებით წვიმა და ნისლი, ხელს უწყობს ოკუპანტების შეღწევას ქალაქის ცენტრში.
უკრაინული მედიის თანახმად, სამხედრო მიმომხილველმა, დენის პოპოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში შეღწევასა და პოზიციების განმტკიცებას ცდილობს, თუმცა ვერ ახერხებს.
რაც შეეხება პოკროვსკს, პოპოვიჩმა განმარტა, რომ იქ ფრონტის ხაზი რკინიგზის ხაზის გასწვრივ გადის, რომელიც ქალაქს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს. მისი მტკიცებით, ქალაქის უფრო მცირე ჩრდილოეთ ნაწილს მეტ-ნაკლებად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ხოლო რკინიგზის სამხრეთით რუსები დომინირებენ.