Loading data...
რუსეთმა დნიპროში ცხრასართულიან კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი - უკრაინული მედია

რუსეთის არმიამ დნიპროში ცხრასართულიან შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, შენობის 4 სართული დაინგრა, მეხუთე სართული კი დაზიანდა. დაშავებულებს შორის 7 თვის ბავშვია. ამასთან, სამი ადგილობრივი მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის არიან 27 და 30 წლის ქალები და 29 წლის მამაკაცი. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა და პოლიციამ ადგილზე სამაშველო ოპერაცია დაიწყო, მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტილია.

მომხდარს პრეზიდენტი ზელენსკი Telegram-ში გამოეხმაურა.

„ჩვენ მუდმივად ვახსენებთ ყველა პარტნიორს: მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმარის რაოდენობასა და ხარისხს, მხოლოდ მსოფლიოს საკმარის სიმტკიცეს შეუძლია რუსული ტერორის შეჩერება. ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილებები - ჩვენ გვჭირდება საიმედო საჰაერო ფარი უკრაინისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.