Loading data...
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ათობით რაკეტა უკრაინის მიმართულებით გაუშვა, ექსპერტების შეფასებით, რაკეტები დასავლურ კომპონენტებს შეიცავს - BBC

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ათობით ბალისტიკური რაკეტა უკრაინის მიმართულებით გაუშვა. ამის შესახებ BBC იუწყება.

უკრაინელი სამხედროების მითითებით, გამოცემა ამტკიცებს, რომ კორეული რაკეტებით ავიაიერიშს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.

იარაღის ექსპერტმა კრისტინა კიმაჩუკმა  BBC-ს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები თანამედროვე დასავლური ელექტრონიკითა და სხვა დასავლური კომპონენტებით არის დატვირთული. მისივე შეფასებით, ზოგიერთი კომპონენტი გასული წლის დასაწყისშია დამზადებული, ანუ რაკეტები სრულიად ახალია.

ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის (RUSI-ს) შეფასებით, გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში დაახლოებით 6 700 კონტეინერი გაიგზავნა, რომელიც იარაღით იყო სავსე. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ კონტეინერებში ჯამში მილიონზე მეტ საარტილერიო ჭურვი და რაკეტა იყო. ამ შეიარაღებამ რუსეთს ფრონტზე აქტიური შეტევის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ მთავარი კითხვა რჩება, რამდენი ბალისტიკური რაკეტა მიიღო რუსეთმა პარტნიორი ქვეყნისგან.

ჩრდილოეთ კორეის იარაღის ექსპერტი დოქტორი ჯეფრი ლუისი ამბობს, რომ კორეული რაკეტების უპირატესობა ისაა, რომ ისინი ძალიან იაფია.  დოქტორ ლუისის აზრით, ჩრდილოეთ კორეას შეუძლია, წელიწადში რამდენიმე ასეული რაკეტა აწარმოოს, წერს BBC.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახლა, როდესაც ფხენიანი ამ იარაღს მასიურად აწარმოებს, მას სურს ისინი რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაყიდოს, არა მხოლოდ რუსეთში. პირველი მყიდველი შესაძლოა, ირანი იყოს.