Loading data...
რუსეთი უკრაინასთან საჰაერო ზავს განიხილავს - Bloomberg

კრემლი რამდენიმე წინადადებას განიხილავს, მათ შორის, საჰაერო იერიშების გრძელვადიან შეჩერებას, როგორც პოტენციურ დათმობას აშშ-ის პრეზიდენტისთვის მიუხედავად იმისა, რომ ომის მიმართ ერთგული რჩება. თემაზე Bloomberg მუშაობს და ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთს ახლა სამი დღე დარჩა, ტრამპის მიერ 29 ივლისს უკრაინაში ომის დასასრულებლად დადგენილ ვადამდე“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ვერსიას ქვეყნის ოფიციალური პირები აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტამდე განიხილავდნენ. ერთ-ერთ შესაძლო წინადადებად „საჰაერო ზავი“ - დრონებისა და რაკეტების დარტყმების შეჩერება მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაც დათანხმდება შეთავაზებას.

ცნობისთვის, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა სტივ უიტკოფთან შეხვედრის მნიშვნელობა დაადასტურა, თუმცა რომელიმე კონკრეტულ წინადადებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. 

შეგახსენებთ, რომ უიტკოფი კრემლის ლიდერს აპრილში უკვე შეხვდა. „მაშინ, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლისგან ომის შესახებ რუსული ნარატივების გამეორება, ვაშინგტონისა და საზღვარგარეთის ოფიციალური პირების კრიტიკის საგანი გახდა“, - წერს Bloomberg.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ თანხმდება, მოსკოვი ტრამპის მხრიდან მზარდი ზეწოლის შემსუბუქების გზებს ეძებს. „ტრამპს რუსეთისგან რაიმე სახის „საჩუქარი“, დათმობა სჭირდება“, - აღნიშნავს კრემლის მოკავშირე პოლიტიკური ანალიტიკოსი სერგეი მარკოვი. „საჰაერო ზავი შესაძლოა, ასეთი საჩუქარი იყოს“, - დასძენს ის. 

როგორც აღმოჩნდა, „საჰაერო ზავის“ იდეა გასულ კვირას ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პუტინთან 1 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებების დროსაც წამოჭრა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ამ თემაზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია. 

ცნობისთვის, ლუკაშენკომ „საჰაერო ზავის“ საკითხი მანამდე, ივნისში განიხილა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უკრაინის საკითხებში წარმომადგენელთან კიტ კელოგთან ერთად.

კელოგი ამ კვირის ბოლოს (4-10 აგვისტო) უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩავა.

ზელენსკის თქმით, გუშინ, 5 აგვისტოს მას დონალდ ტრამპთან „პროდუქტიული“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მათ შორის, სანქციებისა და უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმების შესახებ.