Loading data...
რუსებმა უკრაინელი სამხედრო ტყვე ხმლით მოკლეს - უკრაინის ომბუდსმენი

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინელი სამხედრო ტყვე დემონსტრაციულად ხმლით მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი Telegram-ზე წერს.

„მორიგი სამხედრო დანაშაული - რუსებმა ხელებშეკრული, უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე ხმლით სიკვდილით დასაჯეს. სისასტიკისა და სისხლისმსმელობის დონე წარმოუდგენელია“, - წერს ომბუდსმენი.

ლუბინეცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა. მისი თქმით, მან წერილები გაუგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს, რათა მათ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების მორიგი დარღვევა დააფიქსირონ.

„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ასეთი სანიმუშო სიკვდილით დასჯა მიზნად ისახავს უკრაინული საზოგადოების დემორალიზებას. თუმცა, ასეთი ქმედებების დანახვა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად უნდა გვაძლიერებდეს“, - დაწერა ლუბინეცმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა უკრაინელი სამხედრო დონეცკის ოლქის ნოვოგროდოვკაში მოკლეს ხმლით, რომელსაც ეწერა „კურსკისთვის“.