Loading data...
რუსები დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების საზღვრისკენ მიემართებიან - ვლადისლავ ვოლოშინი

ნოვოპავლოვსკის მიმართულებით სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების საზღვრებისკენ მიიწევენ, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ვლადისლავ ვოლოშინმა განაცხადა.

„ნოვოპავლოვსკის მიმართულებით სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, სადაც ბოლო დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ 23 საბრძოლო შეტაკება განახორციელა. იქ მუდმივად მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, მოწინააღმდეგე მიიწევს დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების საზღვრისკენ“, - აღნიშნა ვოლოშინმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, სიტუაცია საკმაოდ არასტაბილურია ორეხოვოს მიმართულებით.

„დამპყრობელი ცდილობს თავდაცვის ხაზის გარღვევას. აქედან კი შესაძლებელია ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთით მიმავალ უკრაინის ლოგისტიკურ მარშრუტებზე ცეცხლის გახსნა და თავად ზაპოროჟიესა და მისი გარეუბნების დაბომბვა. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დნეპრის ან ხერსონის მიმართულებით ვითარება საკმაოდ გამწვავდა“, - დასძინა პრესმდივანმა.

ამრიგად, მისი თქმით, ხერსონის მიმართულებით, აგრესორის მცდელობები, დაიპყროს კუნძულები მდინარე დნეპრზე, გახშირდა. 

პრესსპიკერმა, ასევე, შეშფოთება გამოხატა მოწინააღმდეგის მიერ ხერსონზე განხორციელებული ორმაგი დარტყმების გამო.

„დამპყრობელმა საცხოვრებელი შენობები დაბომბა. მშვიდობიან მოსახლეობაშიც არის მსხვერპლი, ასევე, დაინგრა სამოქალაქო შენობები. გარდა ამისა, ოკუპანტი ისეთ ტაქტიკას იყენებს, რომ ჯერ ბომბებით ურტყამს, ხოლო როდესაც მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახურები მოდიან, გარკვეული დროის შემდეგ საარტილერიო დაბომბვას ახორციელებს. მოწინააღმდეგე საარტილერიო დაბომბვას ახორციელებს და დრონებით ურტყამს უკვე იმ სამსახურებს, რომლებიც იქ ევაკუაციასა და სამაშველო ოპერაციებს ახორციელებენ“, - აცხადებს ვლადისლავ ვოლოშინი.