Loading data...
რომის პაპი ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს გმობს - The Guardian

რომის პაპი ლეო XIV გმობს ღაზაში ომის „ბარბაროსობას“ და „ძალის განურჩეველ გამოყენებას“ - ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საკვების რიგში დგომისას სულ მცირე, 73 პალესტინელი დაიღუპა. 

რომის ეკლესიის ხელმძღვანელი, ასევე, ტერიტორიაზე ერთადერთი კათოლიკური ეკლესიის დაბომბვას ეხმიანება და საუბრობს იმ ტანჯვაზე, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ თემაზე The Guardian მუშაობს.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ კრიზისს და საკვების რიგში დგომას, როგორც მედია იუწყება, მსხვერპლი ძირითადად, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში იყო. დაღუპულთაგან 67 ისრაელის მხრიდან ცეცხლის გახსნას შეეწირა. 

გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის განცხადებით, ღაზას სექტორში შესვლიდან მალევე, 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელსაც საკვები გადაჰქონდა, „მშიერი მშვიდობიანი მოსახლეობის ბრბოს“ გადააწყდა, რომელიც მაშინვე „ცეცხლის წვიმაში“ მოექცა.

„WFP კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მაძიებელი მშვიდობიანი მოსახლეობის მონაწილეობით, ძალადობრივი ქმედებები სრულიად დაუშვებელია“, - აღნიშნულია გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რომის პაპმა, ასევე, გასულ კვირას კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმაზე ისაუბრა, რომლის დროსაც სამი პირი დაიღუპა, ათი კი დაშავდა. 

ისრაელმა „ღრმა მწუხარება“ გამოხატა ეკლესიაზე მიყენებული დარტყმის გამო და გამოძიება დაიწყო. ცნობისთვის, ღაზას ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიას 600-მდე იძულებით გადაადგილებული პირი აფარებდა თავს, მათ შორის, იყვნენ ბავშვები, რომელთა უმრავლესობა სპეციალური საჭიროების მქონეა. 

„სამწუხაროდ, ეს აქტი კიდევ უფრო ამძაფრებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სალოცავების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო თავდასხმებს“, - განაცხადა ლეო XIV-მ.

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაიცვან ჰუმანიტარული სამართალი და პატივი სცენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ვალდებულებას, ასევე, აიკრძალოს კოლექტიური დასჯა, ძალის განურჩევლად გამოყენება და მოსახლეობის იძულებით გადაადგილება“, - აღნიშნა რომის პაპმა კვირას, 20 ივლისს აღვლენილი წირვის დროს.