პუტინი კომპრომისზე არ წავა, მაგრამ დასავლეთი ამას ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს - Associated Press

მოსკოვს დღეს ძალიან ცოტა მიზეზი აქვს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესამცირებლად, პირიქით, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ახლოს იყოს სამხედრო გამარჯვებასთან, - ამის შესახებ Associated Press (AP) გამოკითხულ ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები „სტაბილურად მიიწევენ წინ“ ფრონტზე, რუსეთის ეკონომიკა ჯერ არ დანგრეულა.
ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ პუტინი ფიქრობს „სისტემურად“, ხოლო ტრამპი ეძებს „სწრაფ“ გადაწყვეტილებებს.
„ამიტომაც ეს ორი, ალბათ, ვერასოდეს შეთანხმდებიან. პირიქით, პუტინი გააგრძელებს ნელ-ნელა სვლას რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოზიციების გაძლიერებას და როგორც კიევის, ისე დასავლეთის პოლიტიკური ნების შესუსტებას“, - წერს AP.
ბორის ბონდარევი, ყოფილი რუსი დიპლომატი ჟენევაში, რომელმაც თანამდებობა დატოვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვარაუდობს, რომ პუტინი იმედოვნებს, რომ ტრამპს „მობეზრდება“ უკრაინის ომი და ყურადღებას სხვა საკითხებზე გადაიტანს.
რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ლორი ბრისტოუ აღნიშნავს, რომ რუსები მოლაპარაკებებშიც რომ შევიდნენ, ისინი მაინც არ იქნებიან მზად რეალური კომპრომისისთვის. მისი თქმით, რუსეთის მოლაპარაკებების სტრატეგია ასე გამოიყურება: „რაც ჩემია, ჩემია, ხოლო რაც შენია, მოლაპარაკების საგანია“.
ბონდარევი ეთანხმება ამ მოსაზრებას და ხაზს უსვამს, რომ პუტინისთვის მოლაპარაკებები უბრალოდ საშუალებაა, რომ უბრძოლველად მიიღოს ყველაფერი, რაც მას სურს. დიპლომატს „უცნაურად“ მიაჩნია, რომ დასავლელ ლიდერებს ჯერ კიდევ არ ესმით კრემლის ტაქტიკა. მისი აზრით, პუტინი, სავარაუდოდ, მზად იქნება ტრამპთან შეხვედრისთვის, რადგან ასეთი შეხვედრა გამოავლენს რუსეთს, როგორც გლობალურ ძალას. პუტინი, შესაძლოა, შეხვდეს ტრამპს პროპაგანდისტული მიზნებისთვის და ულტიმატუმის წარსადგენად და არა კომპრომისის ძიების მიზნით.