Loading data...
Politico: უკრაინაში ომის შესახებ სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, ამ კვირაშივე მიღწეული იყოს

თეთრი სახლი რუსეთისთვის ახალი, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების წარდგენას გეგმავს, რომელიც, ოფიციალური პირების თქმით, საბოლოოდ დაასრულებს უკრაინაში ომს. Politico-ს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას უახლოეს დღეებში ელის.

როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისინი მოელიან, რომ კონფლიქტის დასრულების დოკუმენტზე ყველა მხარე შეთანხმდება ამ თვის ბოლომდე - ან შესაძლოა „უკვე ამ კვირაში“.

„თუმცა, როგორც ჩანს, არც უკრაინას და არც ამერიკის მოკავშირეებს ევროპაში არ მიუღიათ მონაწილეობა ახალი სამშვიდობო გეგმის შემუშავებაში“, - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, ასევე, ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება ყველაზე აქტუალური საკითხებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცებასთან, ათიათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცებასთან ან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან.

ამავდროულად, „თეთრ სახლში განწყობა ოპტიმისტურია და, როგორც ჩანს, გეგმა ზელენსკის წარედგინება“, - ნათქვამია სტატიაში.

„ის, რასაც ჩვენ [უკრაინას] შევთავაზებთ, გონივრულია... ჩვენ, ფაქტობრივად, ევროპელები არ გვაინტერესებს. მთავარია, რომ უკრაინა დათანხმდეს“, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

როგორც Politico-ს მიმომხილველები აღნიშნავენ, თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ უკრაინა ამჟამად ისეთ მდგომარეობაშია, ზელენსკისთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალებისა და ფრონტის ხაზების გათვალისწინებით, რომ მათი აზრით, მათ შეუძლიათ აიძულონ იგი, დაამტკიცოს ეს შეთანხმება.

„ისინი ამბობენ, რომ ეს გონივრულია; ეს არის ის, რაც მათი აზრით, უკრაინისთვის მისაღები იქნება“, - აღნიშნულია სტატიაში.