Loading data...
„პოკროვსკის დაცვა დასასრულს უახლოვდება“ - The Economist-ი დანაყოფების ალყაში მოქცევის შესახებ წერს

ოქტომბრის ბოლოს დონეცკის ოლქში, პოკროვსკში რუსული საოკუპაციო ძალების შეტევის ტალღამ უკრაინისთვის უიმედო ვითარება შექმნა ქალაქში და მეზობელ მირნოგრადში. უკრაინელი დამცველები ახლა პოზიციებისთვის იბრძვიან, რათა გაიყვანონ თავიანთი ძალები, რომელთაგან ზოგიერთი ალყაშია მოქცეული, - ამის შესახებ ნათქვამია The Economist-ის სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ პოკროვსკის დაკარგვა მოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, ეს ქალაქი შეიძლება რუსეთისთვის შემდგომი წინსვლის პლაცდარმად იქცეს.

„ტაიფუნის“ დანაყოფის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთი პოკროვსკის, სულ მცირე, 60%-ს აკონტროლებს. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი სადავოა.

მისი თქმით, მთელი ჩრდილოეთი ნაწილი ნაცრისფერი ზონაა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინა იბრძვის საკვანძო სიმაღლეებზე კონტროლის აღსადგენად, რათა სამხრეთით მოწინააღმდეგის მიერ ალყაში მოქცეული დანაყოფები გაათავისუფლოს. ყველაზე აქტუალური საკითხი პოკროვსკის ჩრდილოეთით მდებარე სიმაღლეებია.

„როგორც ჩანს, ჩვენ რამდენიმე ქვედანაყოფს დავკარგავთ“, - განაცხადა ოფიცერმა.

გამოცემა წერს, რომ მეზობელ მირნოგრადში სიტუაცია ბევრად უკეთესი არ არის. იქ უკრაინელი ჯარისკაცები ალყაში მოქცევის რისკის ქვეშ არიან.

„ჩრდილოეთით დერეფნის დახურვა 26 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც რუსი ჯარისკაცები როდინსკის ურბანულ ზონაში შევიდნენ, - ნათქვამია მასალაში.

„ტაიფუნის“ დანაყოფის ჯარისკაცი აცხადებს, რომ ზოგჯერ თანაფარდობა ერთიდან ექვსამდე, ერთიდან რვამდე და ერთიდან ათამდეა. რუსები ამ მიმართულებით ძალების გადაყვანას აგრძელებენ.

გარდა ამისა,სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ რუსეთი დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერობს. უკრაინამ ფრონტის ამ მონაკვეთზე რეკორდული რაოდენობის დრონების დანაყოფები განალაგა, თუმცა აგრესორს მეტი რესურსი აქვს.

როგორც მედია წერს, უცნობია, შეძლებს თუ არა რუსეთი ამ დონის შეტევების გაგრძელებას. 

„რუსეთმა გამბედაობა მოიკრიბა. დროა ყველამ - როგორც ქვეყანაში, ასევე, დასავლეთში - შეწყვიტოს თამაში“, - განუცხადა გამოცემას წყარომ დაზვერვიდან.