Loading data...
ოკუპირებულ აფხაზეთში ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი მოიტაცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ცოლად შერთვის მიზნით 13 წლის გოგო მოიტაცეს. ინფორმაციას სოხუმის დე ფაქტო პროკურატურა ავრცელებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ე.წ. პროკურატურაში განცხადება ენვერ უზუნ-იაკუბ ოღლიმ შეიტანა. მისი ინფორმაციით, 2012 წელს დაბადებული მისი ქალიშვილი ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს.

გამოძიების ცნობით, გოგო 2 თებერვალს მოიტაცეს, როდესაც ის სკოლიდან გამოდიოდა. გატაცებაში ოჩამჩირის რაიონის მკვიდრი, 1986 წელს დაბადებული მიზან ჯოპუაა ეჭვმიტანილი.

ჯოპუამ 13 წლის გოგო საკუთარ სახლში მიიყვანა, სადაც გოგოს ნათესავების მისვლის შემდეგ მან განუცხადა, რომ ცოლად მოყვანას აპირებს.

თავდაპირველად გოგო სოხუმის ე.წ. პროკურატურაში მიიყვანეს, ხოლო შემდეგ მამას გადასცეს.

სოციალური ქსელების ცნობით, ბავშვის გამტაცებელი ამჟამად მიმალვაში იმყოფება.