ოკუპირებულ აფხაზეთში სერგეი შამბას გადადგომას მოითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკმაყოფილოები არიან სანქციებით, რომელიც რუსეთმა აფხაზეთის რამდენიმე მკვიდრის წინააღმდეგ დააწესა.
ასე, მაგალითად, აფხაზ ოპოზიციონერებს ლევან მიქაიასა და კან კვარჩიას მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა. ასევე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ„უცხოური აგენტების“ სიაში აფხაზი ჟურნალისტები ინალ ხაშიგი, იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა შეიყვანა.
როგორც ფონდ „აამთას“ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო მოვლენები „აფხაზეთის სუვერენიტეტს ეჭვქვეშ აყენებს“.
„მოვითხოვთ პრეზიდენტ ბადრა გუნბასგან, რომ გადამჭრელი ზომები მიიღოს, მათ შორის თანამდებობიდან გადააყენოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. ის საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებს. მივმართავთ პარლამენტის სპიკერს ლაშა აშუბას, რომ ყველა აღნიშნული ფაქტის გამოძიება მოხდეს და მათ სამართლებრივი შეფასება მიეცეთ. მხოლოდ ასე შეიძლება მოქალაქეთა ნდობის აღდგენა და აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვა“, - წერია განცხადებაში.
შამბას გადადგომის მოთხოვნას მხარს უჭერენ ასევე ორგანიზაცია „ახიაცა“, „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტი“, ორგანიზაცია „აიდგილარა“ და „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი“.
აფხაზეთის ჟურნალისტმა ფედერაციის ხელმძღვანელმა რუსლან ხაშიგმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია რუსეთის სასამართლოებში გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით აფხაზი ჟურნალისტები რუსეთში „უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადეს.