Loading data...
ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ტურისტებთან დაკავშირებით განცხადებებს მოსკოვში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა

რუსულ მედიაში და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ოკუპირებული აფხაზეთის „კინოს ფონდის“ დირექტორის, ალექსანდრე ბასარიას განცხადება, რომელიც რუს ტურისტებში აფხაზეთის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის პრობლემას ხედავს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ბასარიამ მოუწოდა აფხაზეთის ტურისტულ ბიზნესს, რომ რუსეთის ტუროპერატორებთან არ ითანამშრომლოს, რადგანაც ის დემპინგით, ანუ ფასების ხელოვნური დაწევით არის დაკავებული.

„ტურისტები, რომლებიც დღეს აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოვიდნენ, და თუ იაფი საგზურები აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ აქ სრულფასოვნად დაისვენონ: კლუბები, რესტორნები, დისკოთეკები, პლაჟები, წვეულებები, ექსკურსიები, ყველაფერი მათ განკარგულებაშია, მაგრამ ეს არ უნდათ, ისინი თავის პატარა ანკლავებში ცხოვრობენ“, - განაცხადა ალექსანდრე ბასარიამ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, კონსტანტინე ზატულინი ბასარიას განცხადებაში პოლიტიკური სარჩული დაინახა. ზატულინი ამბობს, რომ ბასარია აფხაზეთის ოპოზიციას უჭერს მხარს, რომელმაც პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება მოახდინა.

„ოპოზიციამ არჩევნები იმის გამო წააგო, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირების დროს მან „წითელი ხაზები“ გადაკვეთა და რუსეთთან ურთიერთობებს შიდაპოლიტიკური გარჩევებისთვის იყენებდა“, - განაცხადა ზატულინმა.

ზატულინის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკვე სამჯერ შეიცვალა გადატრიალების შედეგად. მისი აზრით, ამ პროცესის გაგრძელება „აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობას ემუქრება“.