ოკუპირებულ აფხაზეთში „ოპოზიცია“ „პარლამენტს“ მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ საკითხი
ოკუპირებულ აფხაზეთში „ოპოზიციის“ წარმომადგენლები „პარლამენტს“ მოუწოდებენ განიხილოს და დაასრულოს რუსეთის ფედერაციასთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ საკითხი.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხი. ეს შეთანხმება არ აკმაყოფილებს აფხაზი ხალხის და აფხაზური ბიზნესსაზოგადოების ინტერესებს. ეს შეთანხმება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა აფხაზეთის„ სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა ადგურ არძინბამ „ოპოზიციის“ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, დეპუტატები „საინვესტიციო ხელშეკრულების“ თემას მომავალ სხდომაზე უნდა დაუბრუნდნენ.
„უკვე უნდა ვისწავლოთ „არა“-ს თქმა ცალსახად და მტკიცედ ყველა ამ ანტისახალხო ინიციატივაზე. ეს არის სწორი სიგნალი მათთვის, ვისაც მომავალში სურს გახდეს მსგავსი საკითხების ინიციატორი“, - დასძინა მან.
ე.წ. დეპუტატებს „აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი 15 ნოემბერს უნდა განეხილათ. „დოკუმენტის“ წინააღმდეგ ოპოზიციის პროტესტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.