„მშვიდობის ფასი“ - პუტინს მთელი დონეცკის რეგიონი ბრძოლის გარეშე სურს - The Telegraph

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის მმართველ ვლადიმერ პუტინის გეგმას, რომელიც ომის დასრულების სანაცვლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში ძირითადი ტერიტორიების მოსკოვისთვის გადაცემას გულისხმობს. წერს The Telegraph.
„ტელეგრაფი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კრემლი უკრაინისგან დონეცკის ოლქის დათმობას მოითხოვს, რომლის ნაწილსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს. საპასუხოდ, პუტინი ფრონტის ხაზის გაყინვას და შემდგომი შეტევითი მოქმედებების შეჩერებას დაჰპირდა.
მედიის ცნობით, მოთხოვნები პუტინსა და ტრამპს შორის ალასკაში შეხვედრის დროს გაჟღერდა. ტრამპი ამ პირობებს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარუდგენს.
რესპუბლიკური პარტიის წყაროების თქმით, ტრამპი ტერიტორიულ დათმობებს „მშვიდობის ფასის ნაწილად“ მიიჩნევს. ამავდროულად, ის კიევს უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს ნატოს მე-5 მუხლის მსგავსს, რომელიც აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს ავალდებულებს, უპასუხონ რუსეთის ახალ აგრესიას.
ევროპელი ლიდერები შეშფოთებულნი არიან, რომ ზელენსკი კატეგორიულად უარყოფს უკრაინის მიწების გადაცემის ნებისმიერ წინადადებას, რამაც შეიძლება ტრამპის მხრიდან მკვეთრი რეაქცია გამოიწვიოს.
ლონდონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიულ დათმობებზე ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ უკრაინის მთავრობის თანხმობით შეიძლება დაიდოს.
თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ „უკრაინა მზად არ არის განიხილოს საკუთარი ტერიტორიების დათმობა“. მისი თქმით, მშვიდობის მთავარ პირობად უნდა დარჩეს „მკვლელობების სრული შეწყვეტა და უკრაინელებისთვის უსაფრთხოების გარანტიები“.
„დონეცკის ოლქის ბრძოლის გარეშე გადაცემამ, შესაძლოა, რუსეთისთვის პლაცდარმი შექმნას ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე შემდგომი თავდასხმებისთვის, ასევე, კიევზე თავდასხმების ახალი ტალღის მოახლოება გამოიწვიოს“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.