Loading data...
მომავალი წელი გადამწყვეტია - ნატოს ყოფილმა გენმდივანმა უკრაინაში ომის დასრულების ვადებზე ისაუბრა

[უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის] ომი მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, რადგან პუტინი იმედოვნებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს მის სასარგებლოდ ცვლილებებს მოიტანს, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა N-TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, წერს უკრაინული მედია.

მან აღნიშნა, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია. 

„მეშინია, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება. პუტინის გეგმა A - დაეპყრო მთელი უკრაინა რამდენიმე დღეში - ჩაიშალა. მისი გეგმა B არის გაყინული კონფლიქტი და რუსეთის ოკუპაცია აღმოსავლეთ უკრაინაში იმ იმედით, რომ დასავლეთი დასუსტდება და დანებდება.

ჩემი აზრით, მომავალი წელი იქნება გადამწყვეტი. თუ უკრაინელებს მივცემთ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ ომის მოსაგებად, მათ ექნებათ ყველა შანსი, რუსები უკან დახიონ“, - აღნიშნა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, თუ პუტინი გაიმარჯვებს, მას ახალი დაპყრობების სურვილი გაუჩნდება.

„ეს არგუმენტი ყოველთვის მესმის: დავამყაროთ მშვიდობა, დავუბრუნდეთ უფრო კომფორტულ დროს. მაგრამ, თუ მშვიდობა უკრაინელების ხარჯზე მიიღწევა, თუ უკრაინელები იძულებულნი იქნებიან, დათმონ ტერიტორია, მაშინ პუტინი დაასკვნის, რომ მისი შეჭრა წარმატებული აღმოჩნდა. მას მოუნდება შემდგომი ქმედებების განხორციელება. რატომ არ უნდა გააგრძელოს? შემდეგი იქნება მოლდოვა, შემდეგ საქართველო, შემდეგ ის ზეწოლას მოახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე“, - განაცხადა რასმუსენმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ასეთი სისუსტე მთელი მსოფლიოს ავტოკრატებისთვის სიგნალი იქნება.

„სი ძინპინი ჩინეთში იმავე დასკვნამდე მივიდოდა: თუ პუტინმა უკრაინაში შეჭრა მოახერხა, მაშინ მეც გამომივა ტაივანის ხელში ჩაგდება. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია პუტინს უკრაინაში წარმატების უფლება მივცეთ. მაგრამ ევროპელებისთვის ამ გზავნილის გადაცემა მტკიცე პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოითხოვს“, - აღნიშნა მან.