Loading data...
კურსკის ოლქის მისადგომებთან რუსულ ძალებსა და უკრაინელ დივერსანტებს შორის ინტენსიური ბრძოლები გრძელდება - ბოლო ცნობები

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქის საზღვარი გაარღვიეს და ამ მომენტისთვის, რაიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები 11 ტანკისა და 20 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკის გამოყენებით, ნიკოლაევო-დარიასა და ოლეშნიას რაიონებში თავს დაესხნენ რუსეთის პოზიციებს.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ კურსკის ოლქის საზღვარს დაახლოებით 300-მა უკრაინელმა მებრძოლმა შეუტია. უწყების მტკიცებით, შეტევებს წარმატებით იგერიებენ. 

კურსკის ოლქის გუბერნატორის ალექსეი სმირნოვის თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა რეგიონში მოწინააღმდეგის შეჭრა არ დაუშვეს. 

ხოლო როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებით შეუტიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის ზონებს ბასოვკას, ჟურავკას, ხოტენის, იუნაკოვკას, ბელოვოდისა და ხრაპოვშინას დასახლებებში. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცხელ წერტილებში გაგზავნილია რეზერვები.

„რუსეთის არმიის ავიაცია ეფექტურად გამოიყენება მტრის ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ. კურსკის მიმართულებით რუსული ჯარების რეზერვები გადასული არიან შეტაკებების ზონაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელ Telegram-ზე აქტიურად ვრცელდება ცნობები შეტაკებების შესახებ. როგორც რუსულ არხებზე წერენ, მათი საჰაერო ძალები მოწინააღმდეგეებს ბომბავენ. ასევე გავრცელდა ცნობები, შეტაკებები ბელგოროდის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა.