კატარის პრემიერ-მინისტრი: ისრაელის თავდასხმას ტერორიზმის გარდა, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ

„ისრაელის თავდასხმას, რომელიც დღეს კატარის ტერიტორიაზე მოხდა, ვერ ვუწოდებთ სხვა რაიმეს, გარდა ტერორიზმისა, რომელსაც ახორციელებს ისეთი ადამიანი, როგორიცაა ბენიამინ ნეთანიაჰუ“, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა.
„ეს უბრალოდ, მკაფიო შეტყობინებაა მთელი რეგიონისთვის. თავდასხმა იყო ასი პროცენტით ღალატი, ჩვენ არაფერი ვიცოდით ამის შესახებ“, – აღნიშნა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ.
ალ-ტანის თქმით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა კატარს თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მომხდარიდან ათი წუთის შემდეგ მიაწოდეს.
„თავდასხმა მოხდა 15:46-ზე. პირველი ზარი, რაც ამერიკელი ოფიციალური პირისგან გვქონდა, იყო 15:56-ზე, რაც არის ათი წუთი თავდასხმის შემდეგ. აშშ-ის მთავრობის პოზიციაა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, ვიდრე ის არ დაიწყო“, – განაცხადა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ.
ამასთან, როგორც კატარის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შუამავლობითი ძალისხმევა კატარის იდენტობის ნაწილია და ამ მიმართულებით მის როლს ვერაფერი შეაჩერებს.
„შუამავლობა კატარის იდენტობის ნაწილია და ის გაგრძელდება. ვერაფერი შეგვიშლის ხელს, განვაგრძოთ ამ როლის შესრულება ჩვენ გარშემო არსებულ სხვადასხვა საკითხში, რათა მივაღწიოთ სტაბილურობას რეგიონში“, – აღნიშნა კატარის პრემიერ-მინისტრმა.