Loading data...
იური იგნატი: 2022 წლიდან რუსეთმა უკრაინაში 13 000 რაკეტა და 88 000 დრონი გაუშვა

რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უპრეცედენტო რაოდენობის საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა იური იგნატმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში უკვე გაუშვა 13 000 რაკეტა, 88 000 დრონი და 120 000-ზე მეტი საჰაერო მართვადი ბომბი.

„უბრალოდ დაფიქრდით: მაშინ, როდესაც ომის პირველი წლიდან ბომბები საერთოდ არ გამოიყენებოდა, დღეს უკვე 120 000-ზე მეტი საჰაერო მართვადი ბომბი, 13 000 რაკეტა და 88 000 დრონი აქვთ გამოყენებული“, - აღნიშნა იგნატმა.

მან, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენი რუსული რაკეტის განადგურება მოახერხეს უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალებმა.

„საჰაერო ძალებმა და თავდაცვის ძალებმა „კინჟალის“ ტიპის 86 რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 700-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, Kh-101 ტიპის და მისი ანალოგი 2 500 რაკეტა, „ისკანდერ-K“ ტიპის 260 რაკეტა და კიდევ სხვა ტიპის რაკეტები ჩამოაგდეს“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

იგნატის თქმით, უკრაინის თავზე მტრის ბალისტიკური რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაფრინავდა, რომელთა ჩაჭრა „პეტრიოტის“ სისტემას შეუძლია.