ისრაელის თავდაცვის ძალები: ირანში ფართომასშტაბიანი ოპერაცია დავასრულეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაასრულეს ირანში, რომელიც მიზნად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და სამხედრო ობიექტებზე იერიშს ისახავდა. ამის შესახებ ინფორმაციას THE TIME OF ISRAEL ავრცელებს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება, მათი მთავარი ამოცანა იარაღის წარმოების შესაძლებლობების განადგურება იყო.
„მიზანში გვყავდა ირანში იარაღის წარმოების მრავალი ობიექტი“, - აცხადებენ სამხედროები.
თეირანში ამბობენ, რომ ისრაელმა იერიში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე მიიტანა, რასაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალური ქსელით ადასტურებს.
როგორც საიდ ხათიბზადი ამბობს, ისრაელმა შენობაზე იერიში განზრახ მიიტანა.
„თავდასხმის დროს, რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ მკურნალობა კლინიკებში უტარდებათ“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
ირკვევა, რომ სამინისტროს შენობა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მოპირდაპირედ მდებარეობდა, შესაბამისად, თავდასხმის შედეგად, კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკაც დაზიანდა.
„ეს ომის მორიგი დანაშაულია, რომელიც ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარეობს და სისტემური აგრესიის კამპანიის სახე აქვს“, - აცხადებს საიდ ხათიბზადი.